ჩვენ შესახებ
საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან დაახლოების მიზნით, დაიგეგმა სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ინსტიტუციური სისტემის პრაქტიკულად სრულად გარდაქმნა და ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირების მთავარი მიზანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი სატრანსპორტო ეფექტურობის გაზრდა და განვითარება. აღნიშნული რეფორმის განხორციელება დაიწყო 2023 წელს და გათვალისწინებულია მისი 3 ფაზად განხორციელება 2023-2027 წლებში. რეფორმის ფაზებად განხორციელება გამოწვეულია საკითხის კომპლექსურობისა და საქართველოში არსებული სისტემის გათვალისწინებით, რაც საჭიროებს რამდენიმეწლიან მუშაობას სარკინიგზო ტრანსპორტის ახალი ინსტიტუციური, მარეგულირებელი და საკანონმდებლო ჩარჩოს ფორმირებისათვის.
საქართველოში სარგინიგზო დარგის რეფორმა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში გათვალისწინებულია ევროკავშირის 8 სამართლებრივი აქტის (დირექტივა/რეგულაცია) დანერგვა, რომლებთან მიმართებაში საქართველოს გააჩნია სამართლებრივი დაახლოების ვალდებულება, ამავე შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში.
რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკითხების იმპლემენტაციის შედეგად, იქმნება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის მართვის ახალი ინსტიტუციური მიდგომა, შეიცვლება დღეს პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომები და მათ მიეცემათ სტრუქტურირებული ხასიათი, რაც დაფუძნებული იქნება თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტურ კანონმდებლობაზე. განხორციელებული რეფორმის შედეგად ამაღლდება სარკინიგზო უსაფრთხოების დონე, დარგში მოქმედი სუბიექტების მხრიდან გაიზრდება სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულება, გაუმჯობესდება დარგის გამჭვირვალობის ხარისხი, ამაღლდება სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვების საოპერაციო დონეზე მომუშავე პირების კომპეტენცია და ფორმალიზებული პროცესების დანერგვის შედეგად გაუმჯობესდება სარკინიგზო უსაფრთხოების მართვის ხარისხი.
რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული
დირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაცია საფუძვლიანი წინაპირობაა საქართველოში
სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისა და კანონმდებლობის სრულყოფისთვის. შესაბამისად,
დიდია მისი მნიშვნელობა სატრანსპორტო სექტორისთვის.