სარკინიგზო უსაფრთხოება

docs icondocs icon

სააგენტოსთვის შეტყობინების წარდგენის ვალდებულება

pdf arrow

სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დროს, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვას ან მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, გადაზიდვის მონაწილეების (მტვირთავი, შემვსები, გადამზიდველი, გადმომტვირთავი, ტვირთმიმღები ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი) ვალდებულებას წარმოადგენს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, შემთხვევის დადგომიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.


სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არსებობს მაშინ თუ სახეზეა ქვემოთ ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი:


- სახიფათო ტვირთის დანაკარგი (რომელიც გულისხმობს ტვირთის გამოთავისუფლებას, მაგ: გაჟონვა, დაფანტვა, დაყრა და სხვა) განსაზღვრულ რაოდენობებში;

- სახიფათო ტვირთის (პროდუქტის) გარდაუვალი დაკარგვის რისკი;

- სახიფათო ტვირთის გამოთავისუფლებული რაოდენობის მიუხედავად მატერიალური ან გარემოსადმი მიყენებული ზიანი განსაზღვრულ რაოდენობაში;

- ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება (განსაზღვრული პირობებით) ან გარდაცვალება;

- უწყებების ჩართულობა (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა უწყებები).


ინფორმაცია უნდა შეივსოს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ანგარიშის ფორმაში, რომელშიც აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ (მაგალითად: შემთხვევის დრო, ადგილი, აღწერილობა, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი (თუ ზუსტად ცნობილია), შემთხვევის შედეგები და სხვა).


სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დამდგარი შემთხვევების შესახებ ანგარიშის ფორმა - (იხ. დანართი IX).

ჩამოტვირთვა
docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის შეფუთვის ჯგუფები

pdf arrow

ზოგიერთი სახიფათო ტვირთი, როგორიცაა: ადვილაალებადი სითხეები, ადვილაალებადი მყარი და დესენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებები, მჟანგავი, ტოქსიკური, კოროზიული და სხვა სახიფათო ნივთიერებები, თავიანთი საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, ასევე ნაწილდებიან შესაბამის შეფუთვის ჯგუფში, შეფუთვის მიზნებიდან გამომდინარე.  აღნიშნული ნივთიერებები ნაწილდებიან RID-ით განსაზღვრული შეფუთვის შემდეგ 3 (სამ) ჯგუფში:



I შეფუთვის ჯგუფი - შედის ისეთი სახიფათო ნივთიერებები, რომელიც მაღალი საფრთხის შემცველია;

II შეფუთვის ჯგუფი - შედის ისეთი სახიფათო ნივთიერებები, რომელიც საშუალო საფრთხის შემცველია;

III შეფუთვის ჯგუფი - შედის ისეთი სახიფათო ნივთიერებები, რომელიც დაბალი საფრთხის შემცველია.


შენიშვნა: სახიფათო ტვირთად განსაზღვრული ნაკეთობები შეფუთვის ჯგუფებში არ ნაწილდებიან.

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია

pdf arrow

სახიფათო ტვირთია - ყველა ის ნივთიერება ან/და ნაკეთობა, რომელიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის, ასევე მათი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით და რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას. თითოეული სახიფათო ტვირთი აღინიშნება გაერთიანებული ერების მიერ მინიჭებული ნომრით, რომელიც წარმოადგენს ოთხციფრა კოდს და რომელსაც წინ უსწრებს აღნიშვნა “UN”. 


სახიფათო ტვირთები იყოფა შემდეგ 9 (ცხრა) კლასად:


კლასი 1 - ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობები;

კლასი 2 - აირები;

კლასი 3 - ადვილაალებადი სითხეები;

კლასი 4 - ადვილაალებადი მყარი ნივთიერებები; 

კლასი 5 - მჟანგავი და ორგანული პეროქსიდები;

კლასი 6 - ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები;

კლასი 7 - რადიოაქტიური მასალები;

კლასი 8 - კოროზიული ნივთიერებები;

კლასი 9 - სხვა სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები.

docs icondocs icon

გადაზიდვის მონაწილეები

pdf arrow

გადაზიდვის მონაწილეებს წარმოადგენენ:


მთავარი მონაწილეები - ტვირთგამგზავნი, გადამზიდველი და ტვირთმიმღები;


სხვა მონაწილეები - შემფუთავი, შემვსები, კონტეინერი-ცისტერნის/გადასატანი ცისტერნის ოპერატორი, ვაგონი-ცისტერნის ოპერატორი, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, გადმომტვირთავი, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე ექსპედიტორი და საწყობის ოპერატორი.


შენიშვნა: სხვა მონაწილეების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. მიუხედავად ამისა, მათი საქმიანობა ექვემდებარება წესისა და RID-ის მოთხოვნებს იმდენად, რამდენადაც მათ იციან ან უნდა სცოდნოდათ აღნიშნულის თაობაზე.


docs icondocs icon

მარკირება და საშიშროების ნიშნები

pdf arrow

სახიფათო ტვირთის შეფუთვების მარკირება და საშიშროების ნიშნების (მათ შორის დიდი საშიშროების ნიშნები) განთავსება უნდა განხორციელდეს წესის და RID-ის მოთხოვნების შესაბამისად. მარკირება და საშიშროების ნიშნები შეიცავს ინფორმაციას სახიფათო ტვირთის თვისებების და საფრთხის შესახებ.


- მარკირებისას, შეფუთვაზე უნდა მიეთითოს სახიფათო ტვირთის შესაბამისი გაეროს ნომერი, რომელიც უნდა იყოს გარკვევით, მყარად მარკირებული თითოეულ შეფუთვაზე, იყოს შესამჩნევი და უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს;


- საშიშროების ნიშნები ასევე უნდა განთავსდეს შეფუთვაზე, არ უნდა დაიფაროს ტარის სხვა ნაწილის ან სხვა საშიშროების ნიშნის ან მარკირების ნიშნის მიერ.


docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეების ცნება და ძირითადი ვალდებულებები

pdf arrow

ტვირთგამგზავნი - ნიშნავს პირს, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას როგორც საკუთარი მიზნებისთვის, ასევე მესამე მხარის სახელით. მისი ვალდებულებაა, გადამზიდველს გადასცეს  RID-ის შესაბამისად კლასიფიცირებული და გადასაზიდად ნებადართული სახიფათო ტვირთი. მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ ტრანსპორტირების და სხვა თანმხლები დოკუმენტები. ასევე, უნდა უზრუნველყოს მარკირების და საშიშროების ნიშნების განთავსება შეფუთვებზე;


გადამზიდველი - ნიშნავს პირს, რომელიც გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე ახორციელებს სარკინიგზო სატრანსპორტო ოპერაციებს. აღნიშნული პირი, სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და თანმხლები დოკუმენტების (მაგ: ნებართვები, ლიცენზიები და სხვა) შემოწმების საფუძველზე, ასევე ვაგონის ან კონტეინერების და საჭიროებისამებრ, ტვირთის ვიზუალური ინსპექტირებით უნდა დარწმუნდეს, რომ სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დაშვებულია RID-ის შესაბამისად და შეამოწმოს მარკირების და საშიშროების ნიშნების არსებობა.


გადამზდიველის ვალდებულებას ასევე წარმოადგენს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისადმი ინფორმაციის მიწოდება, ისეთი სარკინიგზო გადაზიდვის თაობაზე, რომელიც უკავშირდება ფეთქებადი ნივთიერებების/ნაკეთობების და რადიოაქტიური მასალის გადაზიდვას. ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე.


ტვირთმიმღები - ნიშნავს ტვირთის მიმღებს გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად. მისი ვალდებულებაა, არ შეაჩეროს ტვირთის მიღება (კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე), სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ, შემოწმების შედეგად დარწმუნდეს, რომ მის მიერ სრულად იქნა შესრულებული ტვირთთან დაკავშირებული RID-ის მოთხოვნები.

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი

pdf arrow

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი (შემდგომ - წესი) შემუშავებულია „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) შესაბამისად.


წესის მიზანია ,,სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის’’ (შემდგომ - RID) დებულებების ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში. ასევე, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


წესის და RID-ის დებულებები (მოთხოვნები) ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთის რკინიგზით საერთაშორისო და შიდა გადაზიდვაზე და სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. შესასრულებლად სავალდებულოა ყველა იმ მონაწილისთვის, ვინც ჩართულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პროცესში. აღნიშნული პროცესი ასევე მოიცავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის მომზადებას, შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან დახარისხებას. 


წესი განსაზღვრავს გამონაკლისებს, როდესაც რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვების მიმართ RID-ისა და ამ წესის დებულებები არ გამოიყენება. საგამონაკლისო შემთხვევებს განეკუთვნება:


- ფიზიკური პირის მიერ, პირადი მოხმარებისთვის, საცალო გაყიდვების მიზნით შეფუთული სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, გარკვეული პირობების დაცვით;

- საწარმოების მიერ განხორციელებული სარკინიგზო გადაზიდვა, როდესაც სახიფათო ტვირთები ტრანსპორტირდება სამშენებლო ან საინჟინრო-ტექნიკურ ობიექტებზე ან ბრუნდება აღნიშნული ობიექტებიდან, ან აზომვით, სარემონტო და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სამუშაოებთან მიმართებაში (გარკვეული პირობების დაცვით);

- სახიფათო ტვირთების ისეთი გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება ინციდენტის ან სარკინიგზო შემთხვევის დროს სახიფათო ტვირთის ლოკალიზაციის, შეგროვების და მათი უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადატანის მიზნით. ასევე სამაშველო ტრანსპორტირებისას განხორციელებული გადაზიდვები;

- სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში ან ბალონებში მოთავსებული აირების ან თხევადი საწვავის სარკინიგზო გადაზიდვა, რომლებიც გამოიყენება მისი გადაადგილებისთვის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის;

- მცირე რაოდენობებად შეფუთული სახიფათო ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა, როდესაც RID-ის ცალკეული სპეციალური პირობები სრულად ან ნაწილობრივ ათავისუფლებს შესაბამის სახიფათო ტვირთს RID-ის მოთხოვნებისგან; 

- ერთი ვაგონით ან დიდი კონტეინერით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, როდესაც დაცულია მაქსიმალური საერთო რაოდენობის (კილოგრამი ან ლიტრი) მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ან ერთ სატრანსპორტო კატეგორიაში გაერთიანებული სახიფათო ტვირთების ერთობლივ გადაზიდვას;

- ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემების (მაგალითად: ლითიუმის ბატარეები ან ელექტროკონდენსატორები) გადაზიდვა, რომელიც დამონტაჟებულია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში, მისი წევისთვის ან ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის;

- სახიფათო ტვირთის, როგორც ხელბარგის ან ბარგის სახით, ან მატარებლის ბორტზე გადაზიდვა;

- სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გადაზიდვისას გამოიყენება გაგრილების ან კონდიცირების მიზნით;

- სახიფათო ტვირთის შემცველი ნათურების გადაზიდვა, გარკვეული მოთხოვნების დაცვით.

docs icondocs icon

რადიოაქტიური მასალის რკინიგზით გადაზიდვა

pdf arrow
რკინიგზით რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირებისას აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის მიღება, რომელსაც გასცემს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც წარმოადგენს მარეგულირებელ ორგანოს. RID-ის დებულებები, რომელიც უკავშირდება რადიოაქტიური მასალის გადაზიდვას, ჰარმონიზებულია რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობაში. 

რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირებაში ჩართული პირები (პერსონალი) უნდა იყვნენ დატრენინგებული ზემოაღნიშნულ სფეროში მოქმედი ძირითადი მოთხოვნების შესახებ (მაგ: უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, შეფუთვის, მარკირების, საშიშროების ნიშნების განთავსების და ტვირთების სეგრეგაციის მოთხოვნების შესახებ).

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია

pdf arrow

სახიფათო ტვირთის გადაზიდვას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:


- სატრანსპორტო დოკუმენტები - რომელიც შეიცავს სახიფათო ტვირთის გაეროს ნომერს, შეფუთვის ჯგუფს (არსებობის შემთხვევაში), ტვირთგამგზავნის და ტვირთმიმღების დასახელებას და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას);

- კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების შეფუთვის სერტიფიკატი - როდესაც ცნობილია, რომ რკინიგზით გადაზიდვის შემდეგ, სახიფათო ტვირთი უნდა გადაიზიდოს საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით, აუცილებელია შეფუთვის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ შეფუთვა აკმაყოფილებს როგორც RID-ის ასევე, IMO-ს (საზღვაო გადაზიდვის) მოთხოვნებს;

- წერილობითი ინსტრუქციები - რომლებიც გადამზიდველმა უნდა მიაწოდოს მემანქანეს და უნდა ინახებოს მის კაბინაში. აღნიშნული ინსტრუქციები განკუთვნილია სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დროს, მემანქანის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განსახორციელებლად).


საავარიო ბარათები


სარკინიგზო შემთხვევისას ან ინციდენტისას, RID-ით განსაზღვრული წერილობითი ინსტრუქციების ნაცვლად, ნებადართულია საავარიო ბარათების გამოყენება, რომელიც განსაზღვრულია SMGS-ის მე-2 დანართის შესაბამისად და  შეიცავს საჭირო ინფორმაციას, სახიფათო ტვირთის თვისებების, პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედებების ინსტრუქციების შესახებ.


docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეების ცნება და ძირითადი ვალდებულებები

pdf arrow

რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი - წარმოადგენს იურიდიული პირს, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე.


მის ვალდებულებას წარმოადგენს სწრაფი და შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფა ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთის გაეროს ნომრებს, რომლებიც გადაიზიდება თითოეულ ვაგონზე ან ვაგონით. ასევე, RID-ის მოთხოვნების შესაბამისად იმ სადგურების საგანგებო მდგომარეობის შიდა გეგმების მომზადება, რომელშიც ხორციელდება ტვირთების დახარისხება. 


ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი - პასუხისმგებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვაზე, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე. მისი ძირითადი ვალდებულებაა, განახორციელოს ცისტერნების და მათი აღჭურვილობის მოვლა-შენახვა ისე, რომ მათი გამოყენების შემდეგ დაცული იყოს RID-ის მოთხოვნები;


მტვირთავი - ნიშნავს პირს, რომელიც ახორციელებს შეფუთული სახიფათო ტვირთის, პატარა კონტეინერების, ან გადასატანი ცისტერნების დატვირთვას ვაგონზე ან კონტეინერზე ან ახორციელებს დიდი კონტეინერების დატვირთვას ვაგონზე. 


მტვირთავის ძირითადი ვალდებულებებია: სახიფათო ტვირთის შეფუთვების შემოწმება გადაზიდვამდე, დატვირთვასთან და ტვირთის დამუშავებასთან დაკავშირებული RID-ის სპეციალური მოთხოვნების შესრულება და გადამზიდველისთვის ისეთი სახიფათო ტვირთის გადაცემა, რომელი ნებადართულია RID-ის შესაბამისად;


შემფუთავი - ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების მოთავსებას ტარაში და ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერებში და საჭიროების შემთხვევაში, მოამზადებს შეფუთვებს გადასაზიდად.


მისი ძირითადი ვალდებულება უკავშირდება შეფუთვების და შერეული შეფუთვების პირობების დაცვას, რომელიც გამომდინარეობს RID-ის მოთხოვნებიდან;


შემვსები - ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების დატვირთვას ცისტერნაში და/ან ვაგონში ან კონტეინერებში.


მის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, ცისტერნების შემოწმება (რამდენად გამართულია, ხომ არ ჟონავს ნივთიერება და სხვა) და იმ სახიფათო ტვირთებით შევსება, რომელიც დაშვებულია კონკრეტული ცისტერნით გადასაზიდად;


კონტეინერი-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ოპერატორი - ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომლის სახელითაც ხორციელდება კონტეინერი-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ფუნქციონირება.მისი ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ცისტერნის წარმოების, მისი აღჭურვილობის და მარკირების RID-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა;


ვაგონი-ცისტერნის ოპერატორი - ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ვაგონი-ცისტერნა ან დამტკიცებულია გადაზიდვისთვის.

მისი ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ვაგონი-ცისტერნის წარმოების, მისი აღჭურვილობის და მარკირების RID-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ინფორმაციის მიწოდება ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირისთვის, რომელიც უკავშირდება ვაგონი-ცისტერნის აღჭურვილობას.