სიახლეები

news imagesnews images

26

ივნ

2024

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა ჯაფარიძემ, ევროკავშირის რკინიგზების სააგენტოს (European Union Agency for Railways - ERA) სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული უწყებათა ქსელის (National Safety Authority (NSA) Network) 66-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ ევროკავშირის რკინიგზების სააგენტოს სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული უწყებათა ქსელის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა, რის შედეგადაც საქართველოს წარმომადგენელი აღნიშნულ ღონისძიებას პირველად ესწრებოდა.

ევროკავშირის რკინიგზების სააგენტოს სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული უწყებათა ქსელი ევროკავშირის წევრი ქვენების სარკინიგზო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების პლატფორმას წარმოადგენს, რომლის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და პოზიციები მათი ქვეყნის სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოებისა და თავსებადობის შემდგომი გაუმჯობესების/სრულყოფის მიზნით.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეთა შორის გაიმართა აქტიური დისკუსია. განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ERA-ს ინფორმაციის გაცვლის სისტემის (ISS) განვითარება და შემთხვევათა შეტყობინების ეროვნული სისტემების მასთან თავსებადობის პერსპექტივები, ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSI) განხორციელების შემდგომი პერსპექტივები, სარკინიგზო უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის მართვა და ა.შ.

ევროკავშირის რკინიგზების სააგენტოს (ERA) სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული უწყებათა ქსელის 66-ე შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ERA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ დოპელბაუერმა, უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ იანოშ კერეგიარტომ და ამავე სამინისტროს რკინიგზის დეპარტამენტის უფროსმა ლასლო ვეშპრემიმ გახსნეს.

შეხვედრას ევროკავშირის წევრი 19 ქვეყნის 36 მონაწილე ესწრებოდა. ასევე, ონლაინ რეჟიმში შეხვედრას შეუერთდა როგორც ევროკავშირის წევრი, ისე დამკვირვებელი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) 20 წარმომადგენელი.