საქართველოს სარკინიგზო კოდექსში 2023 წლის მაისში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მომავალი წლიდან მემანქანის მართვის მოწმობები სახელმწიფო უწყების, კერძოდ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაიცემა.
დარგთან შესაბამისი კონსულტაციების წარმოებისა და მათი წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და „საქართველოს რკინიგზის'' ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სააგენტოს მიერ შემუშავებულ აღნიშნული წესის პროექტზე იმუშავებს. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით მომზადებული ნორმატიული აქტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ერეკლე კეჟერაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას და სარკინიგზო გადაზიდვების უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას.
"მნიშვნელოვანია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში იწყება სახელმწიფოს მიერ მატარებლის მემანქანეებისთვის მართვის მოწმობის ოფიციალური დოკუმენტის გაცემა და ეს პროცესი მთლიანად გახდება კანონმდებლობაზე დაფუძნებული. აღნიშნული სრულად შეესაბამება ევროკავშირის სარკინიგზო რეგულაციებსა და დირექტივებს, რის საფუძველზეც გვაქვს მოლოდინი, რომ სამომავლოდ, ჩვენ მიერ გაცემული მართვის მოწმობები, აღიარებული იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან'', - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში 2023 წლის მაისში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლება-აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერება-გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცება უნდა უზრუნველყოს.
მემანქანის სერტიფიკატი - გაიცემა სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ მართვის მოწმობის მქონე პირებზე, კონკრეტული მოძრავი შემადგენლობის და ინფრასტრუქტურის კონკრეტულ მონაკვეთზე მართვის უფლების მისაღებად.