სიახლეები

news imagesnews images

30

სექ

2024

 

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის (OTIF) მე-16 გენერალური ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვეიცარიის ქ. ბერნში გაიმართა.

 

OTIF-ის გენერალური ასამბლეის სხდომის მსვლელობისას, 2024-2027წწ-ის ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობა დამტკიცდა, რომლის წევრად საქართველო მეორე ვადით იქნა არჩეული. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობა საქართველოს მისცემს საშუალებას, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს OTIF-ის საქმიანობაში, მათ შორის, ევრაზიის რეგიონში ცალკეული სარკინიგზო მარშრუტების მეტი მხარდაჭერის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის (OTIF) სრულუფლებიანი წევრი 2012 წელს გახდა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე მეორედ აირჩიეს ისეთი ავტორიტერული ორგანიზაციის ადმინისტრაციულ კომიტეტში, როგორიც OTIF-ია. ეს არის ასევე იმ რეფორმების აღიარება, რომელსაც საქართველო სარკინიგზო ტრანსპორტის მოდერნიზაციისა და მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან დაახლოების მიმართულებით ახორციელებს. OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას, რაც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანში საქართველოს ეფექტური ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“,  -  აღნიშნა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა.

 

ასამბლეის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა OTIF-ის ახალი გენერალური მდივნის არჩევნები, რომელიც 2025 წლის პირველი იანვრიდან 2027 წლის 31 დეკემბრამდე დაიკავებს აღნიშნულ პოზიციას.

 

საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია (OTIF) 1985 წელს დაფუძნდა. მის ძირითად მისიას რკინიგზით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებსა და მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანასთან დაკავშირებული პროცესის ხელშეწყობა და გაუმჯობესება, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის ერთიანი ჩარჩოს ჩამოყალიბება წარმოადგენს. დღეისათვის, აღნიშნული ორგანიზაციის წევრი 51 სახელმწიფოა. OTIF-ის უმაღლეს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან შედგება და გენერალური მდივნის მოწვევის საფუძველზე, სამ წელიწადში ერთხელ იმართება.