სიახლეები

news imagesnews images

11

მარ

2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ, საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში და სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებული ხუთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დაამტკიცა.


ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, სარკინიგზო სექტორში სახიფათო ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების უზრუნველსაყოფად, ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას, უნდა ჰყავდეთ მინიმუმ ერთი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი. ასეთი სპეციალისტის არსებობა უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცესების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და ტრანსპორტირებისას არსებული რისკების შემცირებას. 


სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატს იმ პირებისთვის, რომლებიც გაივლიან შესაბამის სპეციალიზებულ სწავლებას და სააგენტოში წარმატებით ჩააბარებენ სერტიფიკატის მისაღებ გამოცდას.


ნორმატიული აქტები განსაზღვრავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტების სწავლებისა და სერტიფიცირების წესებს, სწავლების განმახორციელებელი პირების სტატუსის აღიარებისა და მათი საქმიანობის ინსპექტირების პროცედურებს, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის“ შესრულებაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების მექანიზმებს.


დამტკიცებული აქტები უზრუნველყოფს საქართველოს სარკინიგზო სისტემის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის რეგულაციის (RID) მოთხოვნებთან და მისი მიზანია სარკინიგზო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება.


სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ახალი ნორმატიული აქტები:


- „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები“;

- „სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირების წესი“;

- „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესები და პირობები“;

- „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები, პირობები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმა“;

- „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი“.



დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.rta.gov.ge/safety/dangerous-goods