სიახლეები

news imagesnews images

01

მაი

2026

სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ გამოაქვეყნა 2023-2025 წლებში საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში განხორციელებული რეფორმის პირველი ფაზის ანგარიში.


სრულად ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ:

სარკინიგზო დარგის რეფორმის ანგარიში 2023-2025.pdf


ანგარიში ასახავს დარგის სისტემური რეფორმირების პროცესს, რომლის მიზანია თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტიანი სარკინიგზო სისტემის ჩამოყალიბება და მისი დაახლოება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან.


რეფორმის ძირითადი შედეგები:

ჩამოყალიბდა სარკინიგზო დარგის ახალი ინსტიტუციური მოდელი - შეიქმნა ტექნიკური მარეგულირებელი და უსაფრთხოების ეროვნული ორგანო - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;

შეიქმნა დამოუკიდებელი სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის მექანიზმი;

შემუშავდა და დამტკიცდა 5 საკანონმდებლო და 22 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რაც ქმნის დარგის განვითარების მყარ სამართლებრივ საფუძველს;

დაინერგა სარკინიგზო უსაფრთხოების თანამედროვე მარეგულირებელი სისტემა, რომლის ფარგლებში გაიცა 120-ზე მეტი უსაფრთხოების ავტორიზაცია და სერტიფიკატი. შედეგად, დარგში მოქმედმა ორგანიზაციებმა დანერგეს უსაფრთხოების მართვის სისტემები (SMS), რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს;

დაინერგა მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების სისტემა - გაცემულია 987 მართვის მოწმობა და 804 სერტიფიკატი. აგრეთვე, განხორციელდა სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის, 51 გამომცდელის და 5 სამედიცინო დაწესებულების აღიარება;

ამოქმედდა სახიფათო ტვირთების რეგულირების სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

გაუმჯობესდა მგზავრთა გადაყვანის მართვის სისტემა - საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების (PSO) ახალი მოდელის ფარგლებში დაიხვეწა სამგზავრო ტრანსპორტის ფინანსური ანგარიშგება, ამოქმედდა მომსახურების ხარისხის შეფასების მექანიზმები, მათ შორის შესრულების ინდიკატორები (KPIs) და მგზავრთა კმაყოფილების კვლევები;

მოხდა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება - სრულად შესრულდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 4 დირექტივა, აქტიური დანერგვის პროცესშია დამატებით 2 დირექტივა და 1 რეგულაცია;

2024 წელს საქართველომ მოიპოვა ევროპის სარკინიგზო სააგენტოს (ERA) სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნულ უწყებათა ქსელის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი. ამავდროულად, საქართველო მეორე ვადით აირჩიეს საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის (OTIF) ადმინისტრაციული კომიტეტის წევრად 2024-2027 წლების პერიოდისთვის;

დაინერგა ელექტრონული სერვისები - ამოქმედდა მატარებლის მემანქანეთა ელექტრონული ბაზა (eTDS) და დაიწყო ციფრული რკინიგზის (Digital Railway) პროექტის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს სააგენტოს სერვისების სრულ დიჯიტალიზაციას და მონაცემთა მართვის გაუმჯობესებას.


რეფორმის შედეგად, სრულად მოექცა რეგულირების ქვეშ საქართველოს სარკინიგზო ქსელი, როგორც ძირითადი ინფრასტრუქტურა, ისე მისასვლელი ლიანდაგები.


აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს:

უსაფრთხოების სისტემურ გაუმჯობესებას;

დარგის გამჭვირვალობის ზრდას;

ოპერატორების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას;

ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის კონკურენტუნარიანობის ზრდას.


სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმა წარმოადგენს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს დარგის თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებულ განვითარებას და ქმნის მყარ საფუძველს სამომავლოდ მისი მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.