სარკინიგზო უსაფრთხოება


სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი
სახიფათო
ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი არის იურიდიული
პირი, რომელიც სააგენტოს მიერ აღიარებულია
როგორც სწავლების განმახორციელებელი პირი და რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთის
გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სწავლების
განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარებას ახორციელებს სააგენტო.
სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების მიზანია იმ სწავლების განმახორციელებელი პირის აღიარება და რეესტრში აღრიცხვა, რომელიც უფლებამოსილი იქნება, პირს მისცეს შესაბამისი ცოდნა სახიფათო ტვირთების გადაზიდვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოვალეობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.


სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება
სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება
ხორციელდება სააგენტოში წარდგენილი ინფორმაციისა
და დოკუმენტაციის შეფასების გზით. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს განმცხადებელთან
ვიზიტი და ადგილზე შეამოწმოს განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის
ნამდვილობა.
სააგენტო, სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის
აღიარების ფარგლებში ასევე აფასებს ტრენერობის კანდიდატს/კანდიდატებს.
ტრენერობის კანდიდატი - სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების მსურველი იურიდიული პირის
მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ფიზიკური პირი, რომლის კომპეტენციაც უნდა შეფასდეს
სააგენტოს მიერ, რათა ის გახდეს ტრენერი.
ტრენერი - არის სწავლების განმახორციელებელი პირის მიერ განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომლის კომპეტენცია სააგენტოს მიერ შეფასდა დადებითად და უშუალოდ ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტთა სწავლებას.
სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების მოპოვების მიზნით, სააგენტოში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
- სასწავლო
პროგრამა (სასწავლო გეგმა, მათ შორის სწავლების, თეორიული და პრაქტიკული მომზადების
კურსის აღწერა) და პროგრამის ზოგადი მიზნების და კომპეტენციის მისანიჭებლად საჭირო
მეთოდების აღწერა;
- სწავლების
ჩატარების, შეფასებისა და დასწრების აღრიცხვის პროცედურების, სწავლების შესაფასებლად
გამოცდის ჩატარების მიზნის, ტიპისა და პროცედურის აღწერა;
- სწავლების
ჩატარებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა;
- სწავლების
ჩატარებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის და მათთვის განსაზღვრული კვალიფიკაციის
აღწერა;
- კანდიდატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ჩართული
უნდა იყოს სწავლების განხორციელებაში;
- სწავლების
დასრულების შემდეგ პირისათვის მინიჭებული კომპეტენციის აღწერა;
- სწავლების სერტიფიკატის ნიმუში;
- სწავლების
განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
- შესაბამისი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
სააგენტო უზრუნველყოფს სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარებას წარდგენილი
განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასების გზით. ამ მიზნით,
სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს განმცხადებელთან ვიზიტი, გაესაუბროს სწავლების
განხორციელებაში ჩართულ პირებს და ადგილზე შეამოწმოს განმცხადებლის მიერ განცხადებაში
მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა.
* იხილეთ განცხადების ფორმა.


ტრენერობის კანდიდატის კომპეტენციის შეფასება
სააგენტო აფასებს კანდიდატის აუცილებელ კომპეტენციას, რომლის მიზანია
მისი ცოდნისა და პროფესიული უნარების შეფასება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის
სწავლების განსახორციელებლად.
კანდიდატის შეფასება მოიცავს ორეტაპიან პროცედურას:
-
ტესტირება და პრაქტიკული დავალება;
-
სადემონსტრაციო ლექცია.
ტესტირების ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
გენერირდება 80 ტესტური კითხვა, საიდანაც თითოეული ფასდება - 1 ქულით. ტესტური ნაწილი
ჩაბარებულად ჩაითვლება არანაკლებ 65 ქულის დაგროვების შემთხვევაში.
პრაქტიკული დავალებების ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
გენერირდება 10 ღია კითხვა ან/და სიტუაციური ამოცანა. თითოეული პრაქტიკული დავალება
ფასდება - მაქსიმუმ 5 ქულით, ხოლო ჩაბარებულად ჩაითვლება არანაკლებ 40 ქულის დაგროვების
შემთხვევაში.
ხანგრძლივობა: ტესტური დავალებებისათვის - 160 წუთი, ხოლო პრაქტიკული დავალებებისათვის
- 200 წუთი
სადემონსტრაციო ლექციის ფარგლებში, კანდიდატი სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის წინაშე
წარადგენს პრეზენტაციას სასწავლო პროგრამიდან ერთ-ერთ თემაზე და პასუხობს კომისიის
მიერ დასმულ შეკითხვებს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების საპრეზენტაციო
თემები არ უნდა ემთხვეოდეს.
პრეზენტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 30 წუთიდან 45 წუთამდე.


ტრენერობის კანდიდატის კომპეტენციის შეფასების კრიტერიუმები და შედეგები
კომისია კანდიდატის სადემონსტრაციო ლექციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- სასწავლო მასალის ცოდნა;
- გადმოცემისა და ეფექტური კომუნიკაციის
უნარი;
- ინტერაქციული სასწავლო მეთოდების გამოყენება,
მათ შორის პრაქტიკული სავარჯიშოებისა და რეალური შემთხვევების გამოყენება.
თითოეულ კრიტერიუმს კომისიის უფლებამოსილი თითოეული წევრი ანიჭებს მინიმუმ 1 ქულას
და მაქსიმუმ 5 ქულას.
* კანდიდატი დადებითად შეფასდება, თუ კომისიის მიერ მინიჭებული სამივე კრიტერიუმის ჯამური ქულა აღემატება 10 ქულას.
* განმცხადებლის მიერ
წარმოდგენილი ყველა კანდიდატის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარებაზე უარის თქმის
შესახებ.
კანდიდატად წარდგენილი პირი ექვემდებარება
კომპეტენციის შეფასებას მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა მას კომპეტენციის დადებითი
შეფასება სხვა სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების ფარგლებში.


სწავლების განმახორციელებელი პირის ვალდებულებები
- სწავლების განმახორციელებელი პირი
ვალდებულია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს საკუთარი სასწავლო პროგრამა/მოდულები,
პერიოდულად განაახლოს მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და სასწავლო პროგრამის
განხორციელების პროცესში სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ყოველკვირეული სასწავლო ცხრილის
შესახებ.
- სწავლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია სტატუსის აღიარების მოქმედების ვადის
განმავლობაში უზრუნველყოს სწავლების უწყვეტობა სულ მცირე ერთი ტრენერის მეშვეობით,
რომლის კომპეტენციაც დადებითად არის შეფასებული.
- იმ შემთხვევაში, თუ სწავლების განმახორციელებელი პირი გეგმავს ტრენერის დამატებას, იგი ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და კანდიდატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
* ტრენერად დასამატებელი პირი ექვემდებარება
კანდიდატის კომპეტენციის შეფასებას.


სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის შეჩერება და გაუქმება
სააგენტო შეაჩერებს სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსს:
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში;
- საჭირო ადამიანურ ან/და აკადემიურ რესურსთან დაკავშირებული შეუსაბამობის
შემთხვევაში;
- სასწავლო მატერიალურ ან/და საინფორმაციო რესურსებთან დაკავშირებული
შეუსაბამობის შემთხვევაში;
- ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოჩენის
შემთხვევაში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან;
- სწავლების განმახორციელებელი პირის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის გაუქმების საფუძველია:
- სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობა;
- სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღდგენიდან 12 თვის
განმავლობაში, იგივე შეუსაბამობის დადგენა, რაც გახდა სწავლების განმახორციელებელი
პირის სტატუსის შეჩერების საფუძველი;
- სწავლების განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, 1 წელზე
მეტი ვადით სტატუსის შეჩერება;
- სწავლების განმახორციელებელი პირის მოთხოვნა სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე;
- სწავლების განმახორციელებელი პირის ლიკვიდაცია.


სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღდგენა
სააგენტო სწავლების განმახორციელებელი პირის შეჩერებულ სტატუსს აღადგენს:
- სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის შეჩერების მიზეზის გამოსწორების
შემთხვევაში, რაც დასტურდება სააგენტოში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის მეშვეობით;
- სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღდგენის მიზნით სწავლების
განმახორციელებელი პირის მიმართვის შემთხვევაში, თუ სტატუსის შეჩერება გამოწვეული იყო
სწავლების განმახორციელებელი პირის მოთხოვნით.


სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირება
სწავლების განმახორციელებელი პირის
ინსპექტირებას ახორციელებს სააგენტო.
სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს როგორც
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების პროცესის, ასევე სწავლების განმახორციელებელი
პირის ინსპექტირება.
ინსპექტირება - სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების
შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესების დარღვევის აღკვეთისა
და პრევენციის მიზნით სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, რომელიც მოიცავს ამ სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების
განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, სწავლების განმახორციელებელი პირის
შემოწმებასა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
ინსპექტირების ობიექტი - სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის
სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი.
უფლებამოსილი პირი - სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული სააგენტოს
თანამშრომელი, რომელიც სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში და მისი სახელით ახორციელებს
ინსპექტირებას.


სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირების პროცესი
ინსპექტირების სახეებია: გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.
სწავლების განმახორციელებელი პირის გეგმური ინსპექტირება
- ხორციელდება წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
სწავლების განმახორციელებელი პირის არაგეგმური
ინსპექტირება - ხორციელდება ნებისმიერი პირის განცხადების ან სააგენტოს
მიერ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც.
ინსპექტირების მიზანი შესაძლოა იყოს:
- დარღვევათა პრევენცია;
- ინსპექტირების ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
- ინსპექტირების ობიექტის მიერ სწავლების ხარისხის კონტროლი;
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა.
გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების ჩატარების
თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის ბრძანების შესაბამისად
განისაზღვრება ინსპექტირების დაწყების საფუძველი, სფერო, ფარგლები და ჩატარების პერიოდი/ვადები
(ინსპექტირების დაწყებისა და დასრულების თარიღები).
ინსპექტირების პროცესში სააგენტო ამოწმებს დაცულია თუ არა სწავლების განმახორციელებელი პირის
მიერ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესები და მოთხოვნები.