სარკინიგზო უსაფრთხოება
მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების, მემანქანის გამოცდის ან/და ტესტირების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.
სააგენტო ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას. სარკინიგზო ქსელში მემანქანის მართვის უფლებისა და სერტიფიცირების ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მატარებლის მემანქანეთა მართვის უფლებისა და სერტიფიცირების მოთხოვნებთან დაკავშირებული გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება
მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.
გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ინსპექტირების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც მიეთითება ინსპექტირების დაწყების საფუძველი, სფერო, ფარგლები და ჩატარების პერიოდი/ვადები (ინსპექტირების დაწყებისა და დასრულების თარიღები).
მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. გეგმური ინსპექტირების დაწყების შესახებ სააგენტო ინსპექტირების ობიექტს აცნობებს წინასწარ.
მატარებლის მემანქანეთა ინსპექტირების მიზანი
ინსპექტირების მიზანი შესაძლოა იყოს: სამართალდარღვევათა პრევენცია; ინსპექტირების ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა.
მატარებლის მემანქანეთა ინსპექტირების ფარგლები
მატარებლის მემანქანეთა ინსპექტირების ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია:
- საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განახორციელოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება;
- დაადგინოს გამოვლენილი დარღვევა;
- ინსპექტირების მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი პირებისგან და ორგანოებისგან;
- შევიდეს ინსპექტირების ობიექტის ტერიტორიაზე ცალკეული გარემოებების ადგილზე შესწავლის მიზნით
სასწავლო ცენტრის მონიტორინგის მიზანი
სააგენტო ახორციელებს მემანქანეთა პროფესიული სწავლების, მემანქანის გამოცდის ან/და ტესტირების მონიტორინგს. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების პროცესის და სასწავლო ცენტრის მონიტორინგი.
სასწავლო ცენტრის მონიტორინგის ფარგლები
სასწავლო ცენტრის მონიტორინგის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია, უშუალოდ შეამოწმოს სასწავლო და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა, დაწესებულებების შენობები, მოწყობილობები, ხელსაწყოები და სხვა აღჭურვილობა, ასევე შეაფასოს დაწესებულებების მიერ განხორციელებული ცოდნის, უნარებისა და კვალიფიკაციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებები, ამ წესთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა/ჯარიმები
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა გამოიწვევს შემდეგ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას:
- მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით
- იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით
- მატარებლის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
- იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით
- მატარებლის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით
- იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.