სიახლეები


14
მაი
2026
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები.
შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს სარკინიგზო კოდექსსა და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სარკინიგზო დარგში უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვა. ასევე, განხილულ იქნა სააგენტოს მიერ დამტკიცებული ხუთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ საკანონმდებლო მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან, 2027 წლის 1 იანვრიდან მოეთხოვებათ, მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი ჰყავდეთ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სპეციალისტის ფუნქციები, ვალდებულებები, სერტიფიცირების საკითხები, აგრეთვე იმ სუბიექტთა წრე და გამონაკლისები, რომლებზეც აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება.
ამასთან, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა წარადგინა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების 120-მდე წარმომადგენელმა.
გააზიარე: