სარკინიგზო უსაფრთხოება

docs icondocs icon

წესის მიზანი და მოქმედების სფერო

 

სარკინიგზო უსაფრთხოების წესის მიზანია საქართველოს რკინიგზის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ეს წესი ადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სუბიექტების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, სარკინიგზო უსაფრთხოების ნორმების შემუშავებასა და მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, უსაფრთხოების საერთო მეთოდებს, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ ავტორიზაციის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის წესებს.

 

 

სარკინიგზო უსაფრთხოების წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რკინიგზის სისტემაზე, მათ შორის, ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ქსელზე და განსაზღვრავს სარკინიგზო უსაფრთხოების შემუშავებასა და მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს:

       სარკინიგზო საწარმოებისთვის;

       ინფრასტრუქტურის მენეჯერებისთვის, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგების მფლობელებისთვის;

   სარკინიგზო დარგის სხვა სუბიექტებისთვის, რომლებსაც პოტენციური გავლენა აქვთ სარკინიგზო უსაფრთხოებაზე და ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სარკინიგზო საწარმოსთან და ინფრასტრუქტურის მენეჯერთან რისკების მართვის მიზნით. 

docs icondocs icon

წესის მოქმედება არ ვრცელდება

·         მეტროზე;

·         ტრამვაიზე და სხვა  მსუბუქი სარელსო სისტემის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებებისათვის გამოიყენება;

·         საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელისგან განცალკევებულ კერძო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც მფლობელი სარგებლობს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით ან პირების გადასაყვანად არასამეწარმეო/ არაკომერციული მიზნებისათვის. აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურაზე;

·         მსუბუქი სარელსო სისტემის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მძიმე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებისათვის მსუბუქი სარელსო სისტემის საექსპლუატაციო პირობების შესაბამისად, თუ აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებების დაკავშირების მიზნებისთვის;

·         სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება, ძირითადად, მსუბუქ სარელსო სისტემაში, მაგრამ აღჭურვილია მძიმე სარკინიგზო კომპონენტებით, რაც საჭიროა საერთო სარგებლობის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ მონაკვეთზე გადასვლის უზრუნველსაყოფად მხოლოდ დაკავშირების მიზნებისათვის.

 

Ø  სარკინიგზო საწარმო

·         სარკინიგზო საწარმო / გადამზიდველი

სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს;

 

·   უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება

სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლებისთვის, სარკინიგზო საწარმო ვალდებულია წარმოადგენდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომლითაც დასტურდება სარკინიგზო უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნის ვალდებულების შესრულება და სარკინიგზო საწარმოს  უსაფრთხოდ ოპერირების შესაძლებლობა სარკინიგზო ქსელში.

უსაფრთხოების სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომლის სახე მითითებულია უსაფრთხოების სერტიფიკატში და მხოლოდ უსაფრთხოების სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობებით.

უსაფრთხოების სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.

 

·         სარკინიგზო საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემა

სარკინიგზო საწარმო ვალდებულია შექმნას უსაფრთხოების მართვის სისტემა სარკინიგზო უსაფრთხოების წესის I დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. (იხ. დანართი I).

უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს ორგანიზაციული მოწყობას, ღონისძიებებსა და და პროცედურებს, რომლებიც განსაზღვრულია სარკინიგზო საწარმოს მიერ, რათა უზრუნველყოს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხო მართვა;

უსაფრთხოების მართვის სისტემა მორგებული უნდა იყოს სარკინიგზო საწარმოს საქმიანობის სახეს/ხასიათს, მასშტაბს, არეალსა და განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.

უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს:

-          უსაფრთხოების პოლიტიკას;

-          ორგანიზაციის ხარისხობრივ თუ რაოდენობრივ მიზნებს;

-          პროცედურებს ტექნიკური და საექსპლუატაციო სტანდარტების შესასრულებლად;

-          პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოწყობილობების შესაბამისობას სტანდარტებთან;

-          დასაქმებულების მოსამზადებელ პროგრამებსა და სისტემებს;

-          ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის მექანიზმებს;

-          ინფორმაციის აღრიცხვის წესსა და პირობებს;

-          წესებს სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტების, პოტენციურად სახიფათო და სხვა სახიფათო შემთხვევების შესახებ;

-          სამოქმედო გეგმებს, გაფრთხილებებსა და შეტყობინებების მექანიზმებს;

-          დებულებებს უსაფრთხოების მართვის სისტემის პერიოდული შიდა აუდიტისათვის.