სარკინიგზო უსაფრთხოება

docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის სასერტიფიკატო სწავლება

მატარებლის მემანქანის სასერტიფიკატო სწავლება გულისხმობს იმ კონკრეტული მოძრავი შემადგენლობის  და იმ კონკრეტული ინფრასტრუქტურის მონაკვეთის სასერტიფიკატო სწავლებას (მარშრუტის პირობების ცოდნის, ექსპლუატაციის წესებისა და პროცედურების ჩათვლით) რომელზედაც პირს სურს მიიღოს მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი.


პირისათვის მატარებლის მემანქანის სასერტიფიკატო სწავლების გავლას უზრუნველყოფს მატარებლის მემანქანის დამსაქმებელი სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი. 


docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის სასერტიფიკატო გამოცდა

სასერტიფიკატო გამოცდის ორგანიზებას უზრუნველყოფს სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი, მას შემდეგ რაც პირი დაასრულებს სასერტიფიკატო სწავლებას. სასერტიფიკატო გამოცდის ფარგლებში მართვის პრაქტიკული უნარების შეფასება უნდა მოხდეს რკინიგზის ქსელში რეალურ გარემოში გამოცდისას. სასერტიფიკატო გამოცდას ატარებს სააგენტოს მიერ აღიარებული გამომცდელი.
docs icondocs icon

სააგენტოს მიერ გამომცდელად აღიარება

გამომცდელად აღიარების მსურველ პირს სააგენტოში წარადგენს სასერტიფიკატო სწავლების განმახორციელებელი სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

გამომცდელის აღიარება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი მიმართულებით:

- მოძრავი შემადგენლობის ცოდნის შესამოწმებელი თეორიული გამოცდის ნაწილში;
- ინფრასტრუქტურის ცოდნის შესამოწმებელი თეორიული გამოცდის ნაწილში;
- პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით სარკინიგზო ქსელში მართვის უნარის შესაფასებლად, კონკრეტულ მოძრავ შემადგენლობასა და ინფრასტრუქტურის კონკრეტულ მონაკვეთზე.


სარკინიგზო საწარმომ ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერმა  გამომცდელად აღიარების მსურველი პირის წარდგენისას აუცილებელია  სააგენტოს მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი  დოკუმენტაცია:

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-  არსებობის შემთხვევაში მოქმედი მართვის მოწმობისა და მოქმედი სერტიფიკატის ასლი;
- ფოტოსურათი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ის სფეროები, რომელშიც სურს ჩაატაროს გამოცდები, მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის მითითებით;

სააგენტოში ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, სააგენტო  გამომცდელად აღიარების მსურველთან ნიშნავს გასაუბრებას. 
 
გამომცდელად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოში გასაუბრების შედეგების საფუძველზე.  გამომცდელად აღიარების სტატუსის მოქმედების ვადაა 2 წელი. 
იხილეთ სააგენტოს მიერ აღიარებულ გამომცდელთა სია.

იხილეთ გამომცდელად აღიარების განცხადების ფორმა.  
docs icondocs icon

შესაძლებელია თუ არა სასერტიფიკატო გამოცდის გამომცდელად აღიარების განცხადებაში ცვლილებების შეტანა?

მოქმედ გამომცდელს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს სააგენტოს, აღიარების სტატუსში ცვლილების შესატანად, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის სფერო(ებ)ის დამატებას. 


თუ  ცვლილების შეტანა საჭიროა გამომცდელად აღიარების სტატუსში, რადგან მასში მითითებული კომპეტენციის ერთი ან მეტი მიმართულების მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს აღიარებული გამომცდელი, აღიარებულმა გამომცდელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გამოცდების ჩატარება ამ მიმართულებით.


docs icondocs icon

შესაძლებელია თუ არა სასერტიფიკატო გამოცდის გამომცდელად აღიარებული პირისთვის სტატუსის შეჩერება/გაუქმება?

თუ სასერტიფიკატო გამოცდის ინსპექტირების შედეგები ადასტურებს, რომ გამომცდელი ვერ აკმაყოფილებს გამომცდელად აღიარების მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეაჩეროს გამომცდელად აღიარების სტატუსი.


სააგენტო უფლებამოსილია გამომცდელად აღიარების სტატუსის შეჩერებამდე ან გაუქმებამდე  ხარვეზის გამოსასწორებლად გამომცდელს განუსაზღვროს ვადა, რომლის ფარგლებშიც გამომცდელს შეუძლია შეცვალოს თავისი პრაქტიკა, რათა კვლავ დააკმაყოფილოს გამომცდელად აღიარების მოთხოვნები.